გიგა ავალიანის საქმე - სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

07.08.26 17:03
გიგა ავალიანის საქმე - სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დაკავებული არასრულწლოვნების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. 

ნია იმნაძის უფლებადამცველი, გიორგი ლეკიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ვინაიდან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. 

აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ საერთოდ, მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე," - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა პროცესის დაწყებამდე. 

გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის, ქეთევან ვარდანაშვილის თქმით, ის ასევე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ალტერნატივაზეც იმსჯელონ. 

მისი თქმით, არ არსებობს საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უნდა გახდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის საფუძველი.

არ არსებობს საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უნდა გახდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის საფუძველი. ვერ განვმარტავ და შინაარსობრივადაც ვერ შევეხები იმდენად, რამდენადაც არასრულწლოვნების საქმეა და ეს მტკიცებულებათა ინფორმაციის გათქმის უფლებაც კი არ მაქვს. ახალი რაიმე გარემოება ჩვენთან დაკავშირებით არაა. 

ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ [კითხვაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა თუ არა მეგობრისგან, რომ "ვიღაც სცემეს"]. რაც იცოდა თუ არ იცოდა, ამას სასამართლო პროცესზე... 

ზოგადად ვინმეს თუ ვინმესთან სატელეფონო ზარი აქვს განხორციელებული, ან მიმოწერა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სადავოდ გამხდარ მტკიცებულებებს სასამართლოში განვიხილავ. იქ მოხდება ამ მტკიცებულებების განხილვა, მორჩა. 

ჩვენ პოზიცია გვექნება აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ალტერნატივას არ გამოვრიცხავ, რომ სხვაც დავაყენოთ," - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა. 

ცნობისთვის, ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები