ეს ვიდეო ჩემთვის იყო სიკვდილი - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა ვარაუდობს, რომ “მოწმეები იტყუებიან“
გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, წუხელ, 12 წლის შემდეგ, პირველად მოისმინა და ამოიცნო საკუთარი შვილის ხმა, ვიდეოში, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა.
როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებს“ ეუბნება, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო საკუთარი შვილის ხმის მოსმენა.
ის ყველა ადამიანს, ვინც 12 წლის წინ მლეთაში მის შვილთან ერთად იმყოფებოდა, სთხოვს, თუ რამე ინფორმაცია აქვთ, ალაპარაკდნენ.
ეს ვიდეო ჩემთვის იყო სიკვდილი, ახლაც თუ რომელიმე მათგანი მიცქერს და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემი შვილის შესახებ და არ მეუბნება, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს. ამ მომენტში გურის აქვს ცუდად გახდომის ხმა, უკვე რომ ეტირება, ეგ მომენტია, არც ხუმრობს, არც არაფერი. რამდენჯერმე ჰქონია ეგ მომენტი, როცა უკვე უნდა ეტირა, აი, ის ხმა გამახსენდა მისი. 12 წლის მერე, მეც პირველად მოვისმინე წუხელ, მითუმეტეს, ყველა პატარა წვრილმანს ვაკვირდები, 2014 წლისას, რატო დატოვეს? აი, ისეთი ხმა აქვს, თითქოს ეხვეწება. ცუდად არის რა, მანდ ცემა და რამე არ არის, რადგან ხალხის ყურადღებას მიიქცევდა, თვითონ გურიკა ცუდადაა, ეტყობა ვეღარ მიდის და ეხვეწება, არ მიმატოვოთო. მოწმეები იტყუებიან, მაგათ დაბლა იქეიფეს და გამთენიისას წავიდნენ მაღლა, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
დადიანიძის დედას გავრცელებულმა კადრებმა გაუმყარა ეჭვი, რომ მისი შვილის მეგობრები, რომლებიც 2014 წელს მლეთაში იმყოფებოდნენ, იტყუებიან.
მას კითხვები აქვს ძალოვან უწყებასთან და აინტერესებს, რატომ არ ამოიღეს იმ ბავშვების ტელეფონი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კადრებში ჩანს, რომ მის შვილს ვირაცის ტელეფონი უჭირავს.
თვითონ ბავშვებმა თქვეს დაბლა დაჯდაო, მაგრამ ჩვენი მისვლის დროს ყველა იძახდა წავედით მაღლაო. მაღლა რაღატო მივდიოდით. თუ ეს დაღლილ-დაქანცული ბავშვი, ავიდა ლომისაზე, ილოცა, ჩამოვიდა და კიდევ წავიდა. თუ ჩამოვიდა, ე.ი. დაბლა უნდა მეძება ბავშვი, რატო მივყავდი ამ ბავშვებს მაღლა. ფაქტია, რომ ერთი პირი აქვთ. იმიტომ რომ, ბავშვი, რომელიც ახლახანს დამეკონტაქტა და მითხრა, რომ მე პირადად ქვაზე დამჯდარი არ დამინახავსო, იმ ბავშვმაც გადათქვა, ეს ყველაფერი დედისთვის არ მითქვამსო. ახლა დაიკითხნენ, 1 კვირის წინ, რადგან პროკურატურამ დამიბარა და პროკურატურისგან დაიკითხნენ. 12 წლის წინ ამ ბავშვებს ტელეფონები ხომ ეჭირათ, რომელიმეს ტელეფონი შემოწმებულია? არა. ჩემ შვილს სურათში ტელეფონი უჭირავს, ამასობაში ტელეფონის ახლში აქვს გურიკას, ვისი ტელეფონი უჭირავს, არ იციან. გამომძიებელს არ შეეძლო ბავშვებისთვის ტელეფონები ჩამოერთმია და შეემოწმებინა გურიკა ვის სწერდა, რას ემესიჯებოდა, თუ არ წერდა, თვალები რატომ აქვს დახრილი. რატოა ასეთი ფოტო-მეთქი და მითხრეს, გურიკა ფოტოს არ იღებდა და ძალით გადავუღეთო. ეტყობა ეგ ფოტო, რომ ძალითაა გადაღებული? , - ამბობს გაუჩინარებული ბიჭის დედა.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
- ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე წერს და ვიდეოს იმ მონაკვეთასაც აქვეყნებს, სადაც ბიჭის ხმა ისმის.
- “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე,“ - დაწერა უფლებადამცველმა.