ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კობა კობალაძის გამოკითხვა დასრულდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის პროკურატურაში გამოკითხვა დასრულდა.
გამოკითხვა პროკურატურაში დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
კობა კობალაძის ცნობით, გამძიებას აინტერესებდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს ჰქონდა თუ არა ხელშემხებლობა გიორგი ბარამიძესთან და რომელ საბრძოლო პოზიციებში გამოირჩა ის თავისი თავგანწირვით.
ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა რუსული წესრიგის მატარებელია ოკუპანტის ჯარი და რა სტანდარტებს და წესრიგს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ვიგუებთ და შევეგუებით იმ აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის ჩვენ გამოვიდეთ მკვლელები და ვიღაც მოკლულის ოჯახის წევრები. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ვიყავით დაბარებული, აღძრულია საქმე. აინტერესებდათ, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს ჰქონდა თუ არა ხელშემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ საბრძოლო პოზიციებში გამოირჩა ის თავისი სიჩაუქით და თავგანწირვით.
ჩვენება მივეცი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით იმიტომ, რომ გუშინაც, დღესაც მე, ფაქტობრივად, მიწევს საუბარი ჩემს თანამებრძოლებთან, ვეტერანებთა და ვეუბნები, რომ ანგარიშსწორება არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში," - განაცხადა კობა კობალაძემ.
- შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.