"ქართული ოცნება" არ არსებობს რუსეთის გარეშე" - ზაზა ბიბილაშვილი
"ქართული ოცნება" არ არსებობს რუსეთის გარეშე" - ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნებოდა, რომ "არ არსებობდეს ოკუპანტი სახელმწიფო".
"ქართული ოცნება" არ არსებობს რუსეთის გარეშე. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ეს პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნებოდა, ვერ იარსებებდა და დღემდე ვერ მოვიდოდა რომ არ არსებობდეს ოკუპანტი სახელმწიფო, რომ არ არსებობდეს რუსეთი, რომ არ ეთქვა პუტინს 2012 წელს შემახსენეთ როდის არის თქვენთან არჩევნებიო, რომ არ ეთქვა დუგინს 2018 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჩვენ რომ 2008-ში თბილისი ტანკებით აგვეღო ამაზე უკეთეს ძალას და ამაზე უკეთეს, რუსებისთვის უკეთესს, ვერ დავსვამდითო. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის რუსული რევანში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მე ჯერ კიდევ 2013 წელს შევადარე "ქართული ოცნება" ვიშის რეჟიმს და საქართველოში რეალობა სამწუხაროდ იდენტურია მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის რეალობისა, როდესაც ნაცისტურ გერმანიას საფრანგეთის ჩრდილოეთი და დასავლეთ ნაწილი ჰქონდა ოკუპირებული უშუალოდ და სამხრეთი ნაწილი იმართებოდა კოლაბორაციონისტული, გარკვეულწილად ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ. საქართველოშიც ეს ვითარებაა" - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.