სებ-ს მარეგულირებლის ფუნქცია აქვს დაკარგული - ეკონომისტები თურნავას პარლამენტში დაბარების საჭიროებაზე საუბრობენ

09.08.26 13:47
სებ-ს მარეგულირებლის ფუნქცია აქვს დაკარგული - ეკონომისტები თურნავას პარლამენტში დაბარების საჭიროებაზე საუბრობენ

=

მას შემდეგ, რაც აშშ-მა საქართველოში კიდევ ერთი კრიპტოკომპანია დაასანქცირა, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნულ ბანკს მარეგულირებლის ფუნქცია აქვს დაკარგული და თავის საქმეს ვერ ასრულებს.

მათი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში დაიბარებდნენ და მისგან მოისმენდნენ რატომ არ იყო სები საქმის კურსში აღნიშნულ კომპანიაზე და ხომ არ არის ეს გულგრილობა უწყების მხრიდან.

სებ-ის განცხადებიდან ვიგებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის, იდმენად, რამდენადაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი არ ყოფილა ეს კომპანია, მაგრამ ვერ იქნება ეს თავის გასამართლებელი საბუთი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ვიღაც საერთოდ რეგისტრაციის გარეშე აკეთებდეს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას, თუმცა, ეს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მან თავისუფლად გააგრძელოს რიგი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება უბრალოდ თავის გამართლების საშუალებაა. ტენდენცია მივიღეთ, ამ ქეისების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, უცხოური ვალუტის ერთ-ერთ მთავარ შემოდინების წყაროდაც ასეთი გაურკვეველი წარმომავლობის ფული იქცა, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

გიორგი ხიშტოვანის თქმით, ეროვნული ბანკი არის რეგულატორი და თუ ის ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის, მაშინ რა საჭიროა ასეთი რეგულატორის არსებობა. 

რა თქმა უნდა შესაძლებელია, დავაფუძნოთ რაღაც ტიპის კომპანია, ვაწარმოოთ რეგულირებადი საქმიანობა და ეროვნული ბანკი ამის საქმის კურსში არ იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს ვერ ასრულებს საფუძვლიანად. კიდევ ერთხელ მოვიყვან ანალოგიას- რა თქმა უნდა შემიძლია დავაფუძნო შპს და საბანკო ტიპის საქმიანობა განვახორციელო, მაგრამ იმისთვის, რომ არსებობს სახელმწიფო, რომ რეგულირებად სფეროებში, რეგულირების უზრუნველყოფა და  აღსრულება შეძლოს, ჩვენ გვაქვს ახლა შემთხვევა, როდესაც სფერო არის რეგულირებადი, მაგრამ ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარ. მაშინ რაში გჭირდება რეგულატორი, რომელიც საქმის კურსში არ არის, რა ხდება მისი რეგულირების ქვეშ მოქცეულ სფეროში. ნათია თურნავა უნდა დაიბაროს პარლამენტმა, ნორმალურ ქვეყანაში და დააზუსტოს, რატომ არ არის ეროვნული ბანკი საქმის კურსში და ხომ არ არის საქმე გულგრილობასთან, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანხამად, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.

კერძოდ, ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.