ნატა ვიბლიანის საქმეზე უახლოეს დღეებში გაიგებთ სიახლეს - ადვოკატი

09.08.26 15:03
ნატა ვიბლიანის საქმეზე უახლოეს დღეებში გაიგებთ სიახლეს  - ადვოკატი

ნატა ვიბლიანის საქმეზე საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს. დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი - ნატას ოფიციალურად ცნობენ დაზარალებულად,-ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც ხელს უშლის გამოძიების მიმდინარეობას.

„ნატა ვიბლიანის საქმეზე საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს. დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი - ნატას ოფიციალურად სცნობენ დაზარალებულად!  საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად! ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო - სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას! გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება. თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ! შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახან დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დაგველოდეთ“,-წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

  • ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. 
  • სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 
  • პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.
  • „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.