„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ს მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო-კომპანიის დასანქცირების შემდეგ, საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების ბუმი უკვე დადასტურებული, საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
2026 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში 2025 წელს რეგისტრირებულ კრიპტო-კომპანია „შელბითს“, რომლის დამფუძნებელიც ირანის მოქალაქე სავაშ კაივანპურია.
გადაწყვეტილების დასაბუთების თანახმად, კომპანია არის ფარული ქსელის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა.
EPRC-ი სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა და შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ოფიციალური სტატისტიკით, უმნიშვნელო რჩება.
„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?
ირანის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ხორციელდება ალტერნატიული, მათ შორის არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში.
სწორედ ამიტომ, როდესაც კომპანიების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ამას არ ახლავს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტის ან დასაქმების შესაბამისი ზრდა, ჩნდება კითხვები მათი საქმიანობის რეალური ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.“