სასკოლო ზონებში ავტომობილის სიჩქარის ზღვარი შესაძლოა, შემცირდეს - დოკუმენტი
საქართველოში სასკოლო ზონებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება. bpn.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მათ შორის განიხილება სასკოლო ზონებში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვრის გადახედვის საკითხი. {როგორც ცნობილია, კანონი ავტომობილის დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-ით გადაჭარბების შემთხვევაში სანქციას არ ითვალისწინებს, სწორედ ამის გადახედვა იგეგმა}.
„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამისი რეგულირებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.
აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.
ვრცლად ნახეთ bpn.ge-ზე.