მერიამ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დააჯარიმა - რას ედავებიან ოდიშარიას ქვისლის კომპანიას

12.08.26 13:44
მერიამ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დააჯარიმა - რას ედავებიან ოდიშარიას ქვისლის კომპანიას

თბილისის მერიამ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ მორიგჯერ, რიგით მეოთხეჯერ დააჯარიმა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო წერილიდან ირკვევა, კომპანიას ბოლო ფაქტზე 1 583 ლარის გადახდა მოუწევს. 

წერილის თანახმად, 7 აგვისტოს, ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 10 აგვისტოს წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები.

კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 07 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (7 916 674.67 ლარი) 0,02%-ის ოდენობით, 1 583.34 ლარი“, - ნათქვამია საჯარიმო წერილში.

აღსანიშნავია, რომ  კომპანია ჯამში 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. 

  • 24 ივლისი - 2026 წლის 23 ივლისის (12:27 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ მ. კოსტავას ქუჩასა და შ. რუსთაველის გამზირზე (თ. ჭოველიძის ქუჩიდან - სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 29 ივლისი - 2026 წლის 29 ივლისის (06:34 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ მ. კოსტავას ქუჩასა და შ. რუსთაველის გამზირზე (თ. ჭოველიძის ქუჩიდან - სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 29 ივლისი - 29 ივლისის (06:41 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა;
  • 10 აგვისტო - 7 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, შპს „სმარტ სოლუშენსის"  დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. 

შპს „სმარტ სოლუშენის“ 100%-ის მფლობელი ლევან გოგსაძე, ბექა ოდიშარია ქვისლია. 

  • დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და კახა კალაძის თქმით, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 19.761 მლნ ლარი ჯდება. 

მსგავსი სიახლეები