კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა
მეტეოროლოგ და "აჭარის ტელევიზიის" ამინდის პროგნოზის წამყვან კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გამოაცხადა.
გირაოს გადახდის შემთხვევაში დაკავებულები დღესვე გათავისუფლდებიან.
პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულებს წარუდგინეს „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის“ მოტივით, თუმცა ეს არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამით პროკურატურა მიანიშნებს დანაშაულის მოტივზე.
პროკურორის თქმით, ზურაბ კონცელიძემ ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კობა ფარტენაძეს, კონკრეტულად კი, მაისურზე მოქაჩა, ხელი მოუჭირა და ამით დაზარალებულმა ტკივილი განიცადა.
მეორე ბრალდებულმა, გიორგი აფციაური კი კობა ფარტენაძეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაემუქრა დაჭრით.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.
ცნობისთვის, ორი დღის წინ კობა ფარტენაძემ გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მას უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს და გვერდზე გაყოლას აიძულებს. ისმის დანის დარტყმის მუქარაც.
ამის შემდეგ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შსს-ს ორი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.