დაუსჯელი ძალადობა, რეპრესიული კანონები და პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების დევნა - რა წერია საქართველოზე EU-ის ანგარიშში
მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა, საპროტესტო აქციებზე, მონაწილეების მიმართ ძალოვანი უწყების მხრიდან არასათანადო მობყრობა და რეპრესიული კანონები სამოქალაქო საზოგადოების და პროტესტის წინააღმდეგ. ასე შეაფასა ევროკავშირმა საქართველოში გასული წლის მოვლენები.
გასული წელი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებში, ამ ურთიერთობების არარსებობით გამოირჩეოდა. "2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ შემდგარა"- ვკითხულობთ ანგარიშში და ამის მიზეზად დემოკრატიული უკუსვლაა დასახელებული. თუმცა ირაკლი კობახიძ,ე რომელსაც ევროკავშირის ნაცვლად ხშირი ვიზიტები ირანსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ჰქონდა, მწვავე ანგარიშს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს.
ანგარიში ქართულ ოცნებას მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმება ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დარღვევა იქნება.
"ოცნებამ" არ გაითვალისწინა ეუთო ოდირის რეკომენდაციები, არც ერთი ძალადობასა და არადამიანურ მოპყრობაში მხილებული დამნაშავე არ მიუციათ პასუხისგებაში, დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ კი არაპროპორციული სასჯელი იყო გამოყენებული. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ევროკავშირი წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად გაუარესებულია.