წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ - ადვოკატი
წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა, რომელიც სასჯელს უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდის, სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
როგორც უფლებადამცველი წერს, საქმე ეხება დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სისხლის სამართლის საქმესთან არსებითად დაკავშირებულ უკანონო მოქმედებებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას. მათ შორის, გენისპექციის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით მინდიაშვილის, მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს.
კიდევ ერთი საჩივარი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.
● წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სახელით, ორწლიანი ლოდინისა და საგამოძიებო ორგანოს სრული უმოქმედობის შემდეგ, არაეფექტური გამოძიების გამო ევროპულ სასამართლოს საჩივრით მივმართეთ.
● საქმე ეხება დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სისხლის სამართლის საქმესთან არსებითად დაკავშირებულ უკანონო მოქმედებებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას. მათ შორის, გენისპექციის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით მინდიაშვილის, მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს.
● ათეულობით განცხადების, საჩივრისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოს რეაგირება ნულის ტოლფასია.
❗️სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან რეაგირების არარსებობა იქცა პრაქტიკად, რომელიც უდანაშაულო ადამიანების უკანონო პატიმრობას იწვევს.
🔹პარალელურად, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს უკანონოდ 15 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული".- წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს.
პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ ფარცხალაძის შვილს მამის დასანქცირებიდან მეორე დღეს საეჭვო იარაღის გადაფორმებაზე უარი უთხრა.