ბათუმის კლინიკაში გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 6 ბავშვია მოთავსებული

13.08.26 10:30
ბათუმის კლინიკაში გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 6 ბავშვია მოთავსებული

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 6 ბავშვია მოთავსებული - კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, 6-ვე მათგანი პედიატრიული ასაკისაა.

როგორც ექიმმა თქვა, კლინიკაში გვიან ღამით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სულ 11 პირი შეიყვანეს. 

დილის 05:00 საათზე შემოიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან, საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით, ზოგიერთის მშობლები სად არიან, რამდენიმე მათგანის მშობელი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვების ასაკი 4-დან 15 წლამდეა”, - აღნიშნა ექიმმა.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.

წუხელ ღამით, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20 პირი. 

შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები