გამშვები პუნქტი დარიალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
საქართველო-რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიზეზი დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან მიღებული შეტყობინება გახდა.
სულხან თამაზაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან მოქალაქეები და დასაქმებული თანამშრომლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ირკვევა ისიც, რომ უსაფრთხოების მიზნით, სოფელ გველეთთან ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა:
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია"- წერს შსს.
ყაზბეგის მერი, კობა გელაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან.
წინასაარი გაფრთხილების სისტემა ჩაირთო. ადგილზე გარემოს სპეციალისტები მივლენ და შეისწავლიან და დამატებით იტყვიან რა სიტუაციაა. ზოგადად, როცა განგაშის სიგნალი ირთვება, ევაკუაცია ხდება დარიალის - დევდორაკის მიმდებარე ტერიტორიის. სანამ სპეციალისტები არ შეისწავლიან და შემდეგ რეკომენდაციას არ გასცემენ, ასე იქნება. ამ წუთებში არ წვიმს, მაგრამ რა ხდება კონკრეტულ ადგილას რთულია თქმა"- აღნიშნა მერმა.