ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკს ბოქლომი ადევს - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს
ოზურგეთში, მერიის წინ მდებარე კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები ბოქლომებით დაკეტეს. საუბარია პარკზე, რომლის რეაბილიტაციაზეც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა განახლების შემდეგ გასართობი ატრაქციონები უფუნქციო აღმოჩნდა.
პარკის თანამშრომლები ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამოც აღნიშნული პარკი არ ფუნქციონირებს. მათი თქმით, სურვილი აქვთ, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
ოპოზიციაში კითხვები აქვთ, რატომ დასჭირდა პარკის რეაბილიტაციას ორი წელი და რატომ ვერ სარგებლობს მოსახლეობა მილიონობით ლარით მოწყობილი ინფრასტრუქტურით. მათი თქმით, გასარკვევია ისიც, ხომ არ იკვეთება პროექტის განხორციელებისას სავარაუდო კორუფციის ნიშნები.
მესამე მერი გამოიცვალა ამ პარკმა. პირველი ამბობდა, რომ გავაკეთებო, მეორე ამბობდა, რომ გაკეთებულია, თორემ თქვენ ხართ დაუნახავებიო, ყველაფერი კარგად არის აქო, მესამე საერთოდ უკონტაქტო იყო და ისე წავიდა, რომ ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ზუსტად ამ პარკის წინ არის, გადმოხედვაც ვერ მოახერხა ამ პარკისთვის. მილიონები, რომელიც არის გამოყოფილი ამ პარკისთვის, რა თქმა უნდა, არის დახარჯული, მაგრამ ადგილზე არის დაბოქლომებული პარკი, სადაც ბავშვები ვერ ახერხებენ, ერთადერთ პარკში, გართობას იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთში არაფერი, ფაქტობრივად, არ არის. მათ შორის არ არის არც გზა, არც წყალი და ხალხისთვის არასდროს არაფრის გაკეთება მოხერხდა, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.