აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები
სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.
აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებების თანახმად, საქართველოს მხრიდან შეტანილი საწვავის ნაწილი ოკუპირებულ რეგიონს ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით ტოვებს და რუსეთის ტერიტორიაზე გადადის. ადგილობრივები წერენ, რომ „როგორც შემოვიდა, ისე გავიდა ფსოუდან“, მაშინ როცა სოხუმში, გალში, გაგრასა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა კვლავ ბენზინის დეფიციტსა და ავტოგასამართ სადგურებთან რიგებზე საუბრობს. აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტი ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი დასტურდება.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, შეთანხმება რუსეთსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაიდო და კერძო ბიზნესმა უბრალოდ, შემსრულებლის როლი ითავა.
როგორ წარმოგიდგენიათ, თუნდაც სახელმწიფოსთან დაახლოებულმა ბიზნესმა ასეთ დროს დადოს ბენზინით ვაჭრობა აფხაზეთთან. ეს არის აბსურდი, ეს პროცესი დაიწყო სახელმწიფოს დონეზე, სავარაუდოდ, დაიდო რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება და აქ შემდეგ ეს ბიზნესი არის უბრალოდ შემსრულებელი სახელმწიფოს დავალების. დე ფაქტო "ქართული ოცნების" დავალების შემსრულებელია ეს ბიზნესი, ამიტომ მასტან საუბარიც კი აზრს მოკლებულია, უბრალოდ, მისგან შეიძლება, გაიგო, ვინ მისცა მას დავალებები, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.