საზღვრის კვეთის შტამპები თაღლითური სქემის მონაწილეების ხელში - იყვნენ თუ არა საქმეში ჩართული მესაზღვრეები?
ვინ მფარველობდა ბინადრობის მოწმობების სავარაუდო უკანონო სქემას საქართველოში? ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ საქართველოში მყოფ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა ეწურებოდათ, ბინადრობის მოწმობების მიღებას ჰპირდებოდნენ.
საქმეზე სულ 6 ბრალდებულია, აქედან 5 საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები უცხოელებს საზღვრის რეალურად გადაკვეთის გარეშე, „პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“ საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელ შტამპებს უსვამდნენ და ამ გზით შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებდნენ.
როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო საზღვრის კვეთის დამადასტურებელი შტამპები სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის მონაწილეების ხელში და ჰყავდათ თუ არა მათ მფარველები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში?
დაკავებულების ადვოკატების თქმით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა სახის შტამპს იყენებდნენ ბრალდებულები და იყვნენ თუ არა ამაში ჩართულები მესაზღვრეები.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.