"ცხადი მანიფესტაცია შეგნებული მოღალატის" - ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი კობახიძის ბრიფინგზე
"ცხადი მანიფესტაცია შეგნებული მოღალატის" - ისტორიკოსის, "საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას "საკუთარ ხალხსა და ერის ისტორიაზე ზედ შეფურთხებად" აფასებს.
მისი თქმით, საბჭოური რუსული პროპაგანდის მთავარი შეტყობინებაა, რომ ისინი არიან მართლები და ისტორიულად რუსეთმა საქართველო გადაარჩინა.
როდესაც საბჭოეთის აღდგენას და გაცოცხლებას ცდილობენ, ეს არის მთავარი შეტყობინება საბჭოური რუსული პროპაგანდის, რომ - ისტორიულად ჩვენ ვართ მართლები, ისტორიულად რუსეთმა თქვენ გადაგარჩინათ, თქვენ ხართ ვალში, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად, გაქრებით უბრალოდ, რომ არა რუსი სალდათის ხიშტი და ჩექმა, ამიტომ იყავით ჩუმად, იცეკვეთ, იმღერეთ, მოგვემსახურეთ და ამით გადაიხადეთ ვალი, ჩვენ სისხლი დავღვარეთ თქვენთვის.
ერეკლეს, როგორც მონარქის იდეაფიქსი რა იყო, რომ დაეცვა მისი სამეფო, ეპოვნა ძლიერი და ერთიანი ღირებულებების მქონე დიდი სახელმწიფო, როგორც პარტნიორი და ევროპისკენ იყო მისი კვალი მიმართული, დიდი მცდელობები ჰქონდა ევროპულ მონარქიებთან კავშირის და ამ პერიოდში რუსეთი თუ რამეს აკეთებდა, აკეთებდა რას, რომ მაქსიმალურად უშლიდა ხელს ერეკლეს საიდუმლო დიპლომატიურ მისიებს, რომ კავშირზე გასულიყო ევროპულ სახელმწიფოებთან.
ეს არის ცხადი მანიფესტაცია შეგნებული მოღალატის და საკუთარი ხალხის და ერის ისტორიის აბუჩად აგდება კი არა, პირდაპირ ზედ შეფურთხება," - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას "ერთადერთ სწორ და უალტერნატივო გადაწყვეტილებად" აფასებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ნაბიჯმა ქართველი ერის გადარჩენასა და საბოლოო გამარჯვებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულ საკითხს 11 წუთი მიუძღვნა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა, საქართველომ ტრაქტატის გაფორმებით "პრინციპული სარგებელი" მიიღო.