"ჩემი შვილი გაუპატიურების მსხვერპლია და ციხეში გამოკეტეს" - სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოზარდის საქმეს იხილავს
რუსთავის სასამართლო ბოლო დროის გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს - განსასჯელის სკამზეა არასრულწლოვანი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
16 წლის მოზარდი ბრალდებას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.
"პირველების" ინფორმაციით, მოზარდი გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ყვება, რომ რუსთავში მცხოვრები დაახლოებით 50 წლის კაცი მას გაუპატიურებას უპირებდა.
იგივეს ამტკიცებენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც - დედა სახელმწიფოს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, ამბობს, რომ მისი შვილი მსხვერპლია და მას ახლა გვერდში დგომა სჭირდება.
"გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან, ციხეში გამოკეტეს" - ამბობს 16 წლის მოზარდის დედა.
მივმართავ სახელმწიფოს, საზოგადოებას და დედებს - დედებს ვთხოვ გვერდში დამიდგნენ.
ახლა შველა მე მჭირდება. თქვენი დახმარება მჭირდება - ჩემი არასრულწლოვანი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი და არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ის მისი ინტერესები იქნას დაცული, ციხეში გამოკეტეს. გთხოვთ დახმარებას", - ამბობს დედა.
დღეს სასამართლოზე უნდა დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც არასრულწლოვანს პირველადი დათვალიერება ჩაუტარა და ბიოლოგიური მასალა აიღო. სწორედ ექსპერტიზის დასკვნამ უნდა თქვას, იყო თუ არა გაუპატიურების მხვერპლი 16 წლის მოზარდი.
დღევანდელ პროცესზე ასევე გამოიკითხება სამი მოწმე, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, რა იყო არასრულწლოვნის პირველადი პოზიცია.
ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მოწმე, არიან ბრალდებულის ბიძაშვილები, ასევე არის სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი, რომელიც გვესაუბრება ბავშვის მიმართ სხეულზე არსებულ გამოვლინებებთან დაკავშირებით, რა მას ჰქონდა. პატიმრობის გადასინჯვა ყოველ 20 დღეში ხდება არასრულწლოვანთან მიმართებით და ეს არ არის მუდმივი მოცემულობა. ამ ეტაპზე, რადგან საქმის განხილვა დღეს იწყება, რა გარემოებაც გამოიკვეთება, იმის შესაფერის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ექსპერტი მის ნაამბობს არ ადასტურებს - ასე შემიძლია ვთქვა პოზიცია დასკვნასთან დაკავშირებით. ყველა გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე იქნება მიღებული", - ამბობს პროკურორი.
დაცვის მხარე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, მოზარდი აუციელებელი მოგერიებსი ფარგლებში მოქმედებდა და თავს იცავდა.
16 წლის ბავშვს თავი რომ დაეღწია მოძალადე პედოფილისგან, ერთადერთი გზა დარჩა, რომ აუცილებელი მოგერიების პირობებში დანა გამოეყენებინა. რა თქმა ამით მან თავი და თავისი სქესობრივი ტავისუფლება გადაირჩინა. იმის გამო, რომ ბავში მოძალადე პედოფილს გაუსწორდა, არ შეიძლება იყოს პატიმრობაში. უდანაშაულო არასრულწლოვანი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დღესაც ვიშუამდგომლებთ ჩვენ გირაოს გამოყენებაზე, მოწმეებიც უნდა მოიყვანოს პროკურორმა, თუ არ იზარმაცა. მინიმუმ მოლოდინი მაქვს, რომ სამართლიანმა პროკურატურამ აღიაროს ის, რომ ეს არ ყოფილა მკვლელობა და აუცილებელი მოგერიების პირობებში იყო, ან თუნდაც პროკურატურამ ფარგლებს გადაცილებით მაინც გვითხრას, ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სამართლიანი და სამართლებრივი პროკურატურის მხრიდან. თუმცა ბოლომდ პროკურატურას არ გავაკრიტიკებ, რადგან ჯერ ბევრიექსპერტიზის დასკვნა არ არის მოსული, რომ პროკურატურაც დარწმუნდეს ბავშის უდანაშაულობაში", - აცხადებს ადვოკატი.
დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.