რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავს
რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავს.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პრესამსახურის მტკიცებით, გაზრდილი მგზავრთა ნაკადი ტურისტულ სეზონს და შვებულებების პერიოდს უკავშირდება.
„ეს უკავშირდება შვებულებების სეზონის დასრულებას და დასვენების შემდეგ მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაბრუნებას. ამასთანავე, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მიმართულებითაც, რაც განპირობებულია მიმდინარე ტურისტული სეზონით“, - ამბობენ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პრესამსახურში.
უწყების მონაცემებით, დღე-ღამეში საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.
„რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით გადაადგილდა თითქმის 8,5 ათასი ადამიანი, ხოლო გასვლის მიმართულებით - 7,5 ათასზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა.
ინფორმაციას გამოეხმაურა შსს-ც და დაწერა, რომ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
[საილუსტრაციო ფოტო]