ეროვნული კინოცენტრი განმარტავს, რატომ “ვერ გასცა თანხმობა“ ფილმ “ცრემლსადენი გაზის“ საჯარო ჩვენებაზე

20.08.26 19:30
ეროვნული კინოცენტრი  განმარტავს, რატომ “ვერ გასცა თანხმობა“ ფილმ “ცრემლსადენი გაზის“ საჯარო ჩვენებაზე

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ფილმ „ცრემლსადენ გაზთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  განმარტავს, რატომ „ვერ გასცა თანხმობა“ საჯარო ჩვენებაზე.

მათი თქმით, ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში - „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“, - წერია განცხადებაში.

რეჟისორი უტა ბერიას თქმით, კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა.

როგორც რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს,  2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

"კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება" - წერს უტა ბერია. 

  • ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.
  • რეჟისორმა მიღებული ჯილდო პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა. ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული.