კომპანია „აფსნი ოილი" ირწმუნება, რომ აფხაზეთში რუსეთიდან 960 ტონა ბენზინი შეიტანეს

21.08.26 12:46
კომპანია „აფსნი ოილი" ირწმუნება, რომ აფხაზეთში რუსეთიდან 960 ტონა ბენზინი შეიტანეს

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის მსხვილი პარტია შევიდა. 960 ტონა AI-92 მარკის საწვავი კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელიც „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს.

კომპანიის ინფორმაციით, ბენზინი რუსულ „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შეიძინეს. შემოტანილი საწვავიდან 303 ტონა რეალიზაციისთვის სამ ადგილობრივ კომპანიას - „აზიდს“, „ალხანსა“ და „სალამანდრას“ - გადაეცემა.

„აფსნი ოილი“ კვირის ბოლომდე ამავე კომპანიებისთვის დამატებით 380 ტონა დიზელის საწვავის მიწოდებასაც გეგმავს.

საწვავის დეფიციტზე განცხადება გაავრცელა კომპანია „აზიდმაც“. მისი ინფორმაციით, AI-92 მარკის ბენზინი ამ დროისთვის ქსელის ყველა ავტოგასამართ სადგურზეა ხელმისაწვდომი, AI-95 კი — მხოლოდ ნაწილზე.

კომპანია აცხადებს, რომ რუსეთიდან მიღებული საწვავის მოცულობა აგვისტოსთვის წინასწარ შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ამის გამო „აზიდი“ საწვავის მოძიებას ე.წ. „ალტერნატიული წყაროებიდანაც“ განაგრძობს — საუბარია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანაზე.

კომპანიის განმარტებით, ამ გზით მიღებული საწვავი მნიშვნელოვნად ძვირია, თუმცა მიწოდების ალტერნატიული არხების გამოყენება ქსელის სტაბილური მუშაობისთვის აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები