ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა

22.08.26 10:39
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გასცეს - საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე 27 813 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.

უწყების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.

აუქციონი 2026 წლის 29 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდა. ლოტის საწყისი წლიური საიჯარო საფასური 16 700 ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი „ბატეთი რეზორტმა“ სახელმწიფოს წელიწადში 17 200 ლარი უნდა გადაუხადოს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში ქონების მოვლა-პატრონობისთვის, მათ შორის ტბის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის  შპს „ბატეთი რეზორტის“ უმსხვილესი მეწილე, 45%-იანი წილით, კესანე ფიფიაა. 30%-იან წილს ფლობს უზბეკეთის მოქალაქე ნაზილია კანაანი, 10-10%-ს - რევაზ ჯანელიძე და იოსებ კრიჭინაშვილი, ხოლო 5%-ს - „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არჩილ კბილაშვილი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორთმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

  • ნაკვეთის ნაწილი ბატეთის ტბით არის დაფარული, ნაწილი კი მდინარე ბატეთისწყლის კალაპოტში იჭრება და უსახელო მდინარესთან მდებარეობს. პირობებში აღნიშნულია, რომ ტერიტორიით სარგებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და შეზღუდვები.
  • გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი მოიცავს ბატეთის ტბისა და მდინარე ბატეთისწყლის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნებისმიერი მშენებლობა შესაბამის უწყებებთან უნდა იყოს შეთანხმებული, ხოლო მკაცრი ზედამხედველობის ზოლში მხოლოდ დროებითი, არაკაპიტალური ნაგებობების მოწყობაა ნებადართული.