პროტესტი ბობოყვათში - მოსახლეობა სადავო მიწებზე დაგეგმილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს
პროტესტი ბობოყვათში - მოსახლეობა სადავო მიწებზე დაგეგმილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეები, რომლებიც წლებია მიწების საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვენ, აცხადებენ, რომ მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სწორედ იმ ტერიტორიაზე იგეგმება, რომელზეც დავა ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივების თქმით, მიწები ათამდე ოჯახს წინაპრებისგან დარჩა, თუმცა სახელმწიფო მათი საკუთრების რეგისტრაციის პროცესს წლებია აჭიანურებს. ახლა მოსახლეობა შიშობს, რომ სადავო ტერიტორია გასხვისდება და მიწებზე უფლებას საბოლოოდ დაკარგავენ.
ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გაუქმდეს ტენდერი და ხელისუფლებამ მოგვაქციოს ყურადღება. ჩვენ 2000 წლიდან მოყოლებული საჯარო რეესტრში ვცდილობთ ამ მიწების დაკანონებას. დღესაც მსვლელობაშია საქმე, უარი არ მოსვლია ამ 7 ოჯახს და გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და ამ მიწებზე აპირებს საფეხბურთო მოედნის თუ კომპლექსის მშენებლობას, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, - ამბობს ადგილობრივი.