აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა - რას აჩვენებს გამოცდების სტატისტიკა და რას ამბობენ პროფესორები
რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ პრობლემად? წლევანდელი გამოცდების შედეგებით, ყველაზე რთული ვითარება ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაშია.
გამოცდების სტატისტიკის მიხედვით, ამ საგნებში აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.
განათლების ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტსა და სისტემის ახალი კადრებისთვის ჩაკეტილობას ასახელებენ. მათი შეფასებით, სათანადოდ არ ძლიერდება მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები, მაშინ როცა პედაგოგების ნაწილს თავადაც უჭირს საკუთარი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.
ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გამოცდების შედეგები მხოლოდ აბიტურიენტების ინდივიდუალურ პრობლემაზე არ მიუთითებს - ისინი მთლიანად სასკოლო განათლების ხარისხთან და სისტემაში დაგროვილ პრობლემებთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს.
პრობლემა არანაირად არ გადაიჭრება თუკი სახელმწიფო 12 წლიანის ნაცვლად 11 წლიანს ხდის სწავლას და ვიცით, რომ რეფორმით ეს ნაწილიც არის დაანონსებული. სწავლების ხარისხი ამით ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ამავდროულად, სწავლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორის შემოტანა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ასწავლიან და მათი მოსწავლეები იჭრებიან ეროვნულ გამოცდაზე, მე-11 კლასში, რეპეტიტორიუმში სწორედ იგივე მასწავლებლები დახვდებათ, - ამბობს პროფესორი მანანა რატიანი.
პროფესორი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ წლების განმავლობაში აკვირდება, როგორ უარესდება სკოლაში მიღებული ცოდნის ხარისხი. მისი შეფასებით, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ განათლების პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს ხშირად შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეალური ჩართულობის გარეშე იღებენ.
მათემატიკაში მე ყოველ წელს ვხედავ, როგორ უარესდება სკოლაში მიცემული ცოდნის შედეგი. ბატონმა კობახიძემ უთხრა ბიოლოგიის სპეციალისტს ერთ-ერთი შეხვედრიოს დროს, რომ "ბიოლოგია თქვენზე უკეთესად ვიცი". როდესაც იურისტს აქვს პრეტენზია, რომ ბიოლოგზე უკეთესად ესმის ბიოლოგია, ის შემდეგ გადაწყვეტუილებას ბილოგიაშიც მშვენივრად მიიღებს და შედეგიც ზუსტად აქედან არის, ბიოლოგია ერთ-ერთი ისეთი საგანია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე სავალალო შედეგია, - ამბობს პროფესორი გიორგი ჭანტურია.
პროფესორი სიმონ ჯანაშია ყურადღებას განათლების პოლიტიკაზე ამახვილებს და კითხულობს — თუ სკოლა, პროგრამები, სახელმძღვანელოები და პედაგოგები არსებითად არ შეცვლილა, რატომ გაიზარდა წელს ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა? მისი შეფასებით, პასუხი შესაძლოა სახელმწიფოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უმაღლესი განათლების დაფინანსების პოლიტიკაშიც იყოს.
თუ სკოლა არ შეცვლილა, მასწავლებლები არ შეცვლილან, პროგრამა არ შეიცვალა, სახელმძღვანელოები არ შეიცვალა, რეპეტიტორები არ შეიცვალა, მაშნ რა შეიცვალა? რატომ ჩაიჭრა უფრო მეტი? შეიცვალა პოლიტიკა. პოლიტიკა შეიცვალა ორი კუთხით, ერთი არის, რომ უფრო საინტერესო გახდა აბიტურიენტებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში ჩაბარება, სადაც უფრო ხშირად ბარდება ხოლმე ეს საგნები და მეორე - სახელმწიფოს არ უნდა, რომ ჩააბაროს ბევრმა ადამიანმა უმაღლესში, იმიტომ, რომ მაშინ მოუწევს მათი დაფინანსება. დაახლოებით 50 ადამიანი გამოაგდეს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან. ჰოდა, ახლა ამ სამი ფაქტორიდან რომელმა იმოქმედა იმაზე, რომ უარესი შედეგები მივიღეთ, ამაზე უნდა უპასუხოს თავად ხელისუფლებამ, - ამბობს პროესოირ სიმონ ჯანაშია.