„სულ რომ ცა ჩამოიქცეს, ჩანაწერებს ვერ გაიტანო“ - საიას ადვოკატი პენიტენციურში მომხდარზე

07.10.26 20:23
„სულ რომ ცა ჩამოიქცეს, ჩანაწერებს ვერ გაიტანო“ - საიას ადვოკატი პენიტენციურში მომხდარზე

 

 

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში შეხვედრისას მან დავითაძის მიერ სავარაუდო გაუპატიურებისა და წამების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ჩაინიშნა, თუმცა დაწესებულების დატოვებისას თანამშრომლებმა ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს.

ქათამაძის განცხადებით, მიზეზი არ განუმარტავთ და ეუბნებოდნენ, რომ „სულ რომ ცა ჩამოიქცეს“, ჩანაწერებს ციხიდან ვერ გაიტანდა. 

შევხვდი გიორგი დავითაძეს, რომელმაც მომაწოდა დეტალურად ინფორმაცია როგორც მის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და შესაბამისად, წამების შესახებ. ასევე ზოგადად მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია ჩავინიშნე თაბახის ფურცელზე კალმით. როდესაც გამოვდიოდი დაწეწებულებიდან, როდესაც გამომქონდა აღნიშნული ინფორმაცია, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განმიცხადა, რომ ხელნაწერს ვერ გამოიტანო. ყველა ადვოკატი დამეთანხმება, რომ სხვა საშუალება, როდესაც მსჯავრდებული გაწვდის ინფორმაციას, სხვანაირად ინფორმაციის ჩანიშვნის საშუალება არ არსებობს, იწერ ხელით ფურცელზე, ბლოკნოტში. როდესაც ვუთხარი, მიზეზი აეხსნათ, ვერ ამიხსნეს, მან განმიცხადა, რომ აი, ასე, უბრალოდ, სულ რომ "ცა ჩამოიქცეს", როგორც ის ამბობდა, ამ დოკუმენტებს, ამ ჩანაწერებს ვერ გავიტანდი პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს ადამიანები არც თავიანთ სახელებს ამბობდნენ, არც თანამდებობას მიუთითებდნენ რა პოზიცია ეკავათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ერთი, რაც დანამდვილებით იცოდნენ, ამ ჩანაწერებს ვერ გამოვიტანდი. 

უამრავ მსჯავრდებულთან თუ ბრალდებულთან ვყოფილვარ პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოველთვის ჩანაწერის გაკეთება ხდება ხელით და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამომაქვს ასეთი ჩანაწერი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი პრობლემა შეიქმნა, - ამბობს ქათამაძე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.

ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები