„სახელმწიფოს აინტერესებს, რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს“ - რას ამბობენ განათლების სფეროს წარმომადგენლები

26.08.26 13:28
„სახელმწიფოს აინტერესებს, რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს“ - რას ამბობენ განათლების სფეროს წარმომადგენლები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი ათასობით აბიტურიენტის საკითხს განათლების სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების შემცირება და უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავს, არამედ სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სასწავლო პროგრამების ხარისხზეც აისახება.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების ნაწილი განზრახ დარჩა არამოთხოვნად პროგრამებზე, რათა ხელისუფლებას შეუვსებელი ადგილები სტუდენტების არჩევანით აეხსნა. 

"ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაგალითად, სახელწიფო უნივერსიტეტებში, რომელსიც ვითომ აფინანსებს სწავლას, დარჩენილიყო შეუვსებელი ადგილები. სპეციალურად მოაწყო ადგილების რაღაც ნაწილი ისე, რომ იქ არ მოსდომებოდათ სტუდენტებს შესვლა. ანუ ეთქვათ, რომ "აი, ნახეთ, ისევ იგივე ადგილების რაოდენობა გამოვაცხადეთ და უბრალოდ, არ უნდათ სტუდენტებს მიღება".

სახელმწიფოს აინტერესებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს სახელმწიფო უმაღლესებში და არა ზოგადად, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც მსგავსი რაოდენობა აბარებს, არამედ საინტერესოა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯოს განათლებაში. ეს არა მხოლოდ ჩარიცხვებზე იმოქმედებს, არამედ მოქმედებს პროგრამებზეც, რომელზეც ირიცხებიან. ერთი ზიანი არის ის, რომ 4 წლის მაგივრად, 3 წელს ისწავლიან სპეციალობებზე. აი, მაგალითად, სამარტალს ისწავლიან არა 4, არამედ 3 წელი და მერე, თუ გვყავდა არაკომპეტენტური პროკურორები და პოლიციელები,ა ხლა გვეყოლება კიდევ უფრო არაკომპეტენტურები. თან ეს იმ პირობებში, ახლა, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კონკურენტი აღარ ჰყავს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და საერთოდ მოტივაცია აღარ აქვს, რომ განავითაროს თავისი პროგრამა, - ამბობს ექსპერტი განათლების საკითხში სიმონ ჯანაშია.

ლექტორი ლაშა ჯანჯღავა კი ყურადღებას უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის რეალური ალტერნატივის არარსებობაზე ამახვილებს. მისი თქმით, პროფესიული კოლეჯების სისტემა საქართველოში საკმარისად განვითარებული არ არის და ხელისუფლების პოლიტიკა სწავლის მოტივაციის მქონე ახალგაზრდებს საბოლოოდ ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს. 

სტუდენტები, რომლებიც იწერებიან, რომ არ იციან, უბრალოდ, რა გააკეთონ. ალტერნატივას რას სთავაზობს ე.წ. სახელმწიფო ამ სტუდენტებს, რომ კოლეჯებიო... მაგრამ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოში ეს კოლეჯების კულტურა არ არის განვითარებული და რეალურად გვაქვს რა მოცემულობა, რომ კონკრეტული ტიპები, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან, ქმნიან ამ თითქოს კოლეჯებს და ფულს აკეთებენ. არც არის ეს კოლეჯებიც რაოდენობრივად იმდენი, რომ ეს ადამიანები გადავიდნენ. არ სჭირდება "ქართულ ოცნებას" ნასწავლი თაობა. ვისაც რაღაც მოტივაცია აქვს სწავლის, ურჩევნია, რომ ის საზღვარგარეთ წავიდეს და ამ ქვეყანაში არ დარჩეს, - ამბობს ლექტორი ლაშა ჯანჯღავა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ათასობით აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო ბარიერი წარმატებით გადალახა, უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა. არსებული მონაცემებით, კონკურსგარეშე დარჩენილთა შორის არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს, თუმცა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში მკვეთრად შეკვეცილი ადგილების გამო სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა ვერ შეძლეს.

ადგილების დრამატული კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა წამყვან უნივერსიტეტებში. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წელს 4 200-ზე მეტი ადგილი იყო გამოყოფილი, ახალი რეგულაციებით კვოტა დაახლოებით 92%-ით შემცირდა და მხოლოდ 300 ადგილი დარჩა.

სოციალურ ქსელებში აბიტურიენტები და მათი მშობლები პროტესტს გამოთქვამენ. ახალგაზრდები საკუთარ საგამოცდო ქულებს აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ „უფასო განათლების“ დაპირების ფონზე გატარებულმა რეფორმამ მათი მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა და განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა.

 

მსგავსი სიახლეები