ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა

27.08.26 10:21
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა

ოზურგეთში, შემოქმედში (წითელმთაში) ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას guria.tv ავრცელებს. 

მედიის ცნობით, გომისკენ მიმავალი მინივენი წვიმიან გზაზე მოცურდა და ჯებირს შეეჯახა. როგორც ირკვევა, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა. ავტომობილში 5 მოზარდი იმყოფებოდა.

არასრულწლოვანი გოგო ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მანქანაში მყოფი დანარჩენი პირების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ - ამის შესახებ guria.tv-ის კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით მდინარაძემ განუცხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის გოგო სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები