ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება
წლის ბოლომდე 1კგ. ფქვილის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზრდება - ეს არის ექსპერტების ვარაუდი მას შემდეგ, რაც მთავრობამ ხორბლის იმპორტზე გადასახადი დააწესა.
მწარმოებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ ტონა ხორბალზე დაწესებული 100-ლარიანი გადასახადი ფქვილის ღირებულებას დაახლოებით 20%-ით გაზრდის.
ასევე წისქვილკომბინატის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხორბლის მარაგები უკვე ამოწურულია და ახლა ყველა დამოკიდებულია ახალი ხორბლის მიღებაზე.
დღევანდელი გადმოსახედით რომ ავიღოთ, გამოდის, რომ ეს 100-ლარიანი გადასახადი ფაქტობრივად ჩვენს თვითღირებულებას დაახლოებით 20%-ით აძვირებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფქვილის კალკულაციაში ხორბალი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, თვითონ ფქვილის თვითღირებულება დაახლოებით 20%-ით ძვირი გამოდის, ვიდრე შეიძლება დაგვჯდომოდა ამ გადასახადის გარეშე. მარაგები რაც გვქონდა, ის მარაგები ამოიწურა უკვე და დამოკიდებულები ვართ ყველა ახალ ხორბლის მიღებაზე, რომელიც საბაჟო გადასახადის დამატებით პლიუს 100 ლარი გამოდის. იანვრის პერიოდში ვფიქრობ, რომ დაახლოებით ესე 55–57 ლარის ფარგლებში იქნება ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფასი"-- აცხადებს “ბარაქას” გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.
დააწესო 100-ლარიანი, ვთქვათ, გადასახადი და მოსახლეობა რა შუაშია ახლა, ისე რომ ვთქვათ რა. შენ ისე მოაწყე ყველაფერი, რომ ნურც მეწარმეს დააწვება ეს ფასი, არც მოსახლეობას. მოსახლეობაზე ხომ აისახება ფასი, ხომ, ბოლო-ბოლო? და ეს ფასი საიდან მოვა, მაშინ უნდა გაიზარდოს პროდუქციის ფასი. მაღაზიებთან ყველგან დგას მანქანები, ყველა მაღაზიასთან ჩამოკიდეს ეს კამერები „სითი პარკის“ და საკმარისია მეორე ხაზში რომ შეხვიდე — აი, მანქანა დგას და გვერდზე მიუყენო, რომ პური მიაწოდო — დაჯარიმებული ხარ, ან 50 ლარით, ან 100 ლარით. ყვითელ ხაზში ხომ შესვლა საერთოდ ტაქსების მეტი არავის არ შეუძლია. რატომ არ შეიძლება, რომ პურის მანქანაც შევიდეს? და ახლა საიმპორტო გადასახადიც თუ დაემატა ამას და კიდევ იქიდან გაძვირდა, ესე იგი ეს რა გამოვიდა... ხო, ეს ერთი მეორეზე ყველაფერი ფოკუსირდება"- ამბობს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძე.