გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი - ვინ დაიკითხება დღევანდელ სხდომაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიდმინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომლები დაიკითხებიან, რომლებიც, დაცვის მხარის თქმით, დაადასტურებენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან რომეო მიქაუტაძე 15-კილოიანი ხელბარგით არ ყოფილა.
სუს-ის ექს-შეფის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე ამახინჯებს ინფორმაციას, თითქოსდა გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტორების შემოწმება არ ხდებოდა.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ სარგებლობენ და არ არიან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ მყოფი და არც პოტენციური ბრალდებულები, ესენი არიან ობიექტური, ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის დანაშაულში არ მიუღია მონაწილეობა. განსაკუთრებით ყურადსაღები არის ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ის ნაწილი, თუ როგორ ხდებოდა გრიგოლ ლილუაშვილთან გარკვეული სტუმრების, ვიზიტორების მისვლა და იმის გამოვლენა, რაც რეალურად ხდებოდა, რომ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი პირი მოწმდებოდა.
არაერთ პირს ვკითხავთ ჩვენ დაცვის შემადგენლობიდან და ზუსტად იმ მორიგეობის გათვალისწინებით, როგორი მორიგეობაც არის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ეს ადამიანები იტყვიან იმ სიმართლეს, რომ ბატონი რომეო მიქაუტაძე ნამდვილად, ე.წ. 15-კილოიანი ხელბარგით გრიგოლ ლილუაშვილთან არ ყოფილა.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამახინჯებს ბრალდების მხარე ინფორმაციას, თითქოსდა შემოწმება არ ხდება, ვასაუბრობთ სუს-ის უფროსზე," - ამბობს ლანა ცერცვაძე.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.