"ანტიანექსიური პლატფორმა" - არა ოკუპაციას! - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნოდარ ხარშილაძემ, ირაკლი ტაბლიაშვილმა და პაატა დავითაიამ ახალი მოძრაობა დააფუძნეს

27.08.26 13:31
"ანტიანექსიური პლატფორმა" - არა ოკუპაციას! - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნოდარ ხარშილაძემ, ირაკლი ტაბლიაშვილმა და პაატა დავითაიამ ახალი მოძრაობა დააფუძნეს

"ანტიანექსიური პლატფორმა" - არა ოკუპაციას! - ახალი მოძრაობა რამდენიმე საათის წინ დაფუძნდა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაა. 

  • ცნობისთვის, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ "ქართული ოცნების" რიგები რუსული კანონის მიღების დროს დატოვა და უარი თქვა მხარი დაეჭრია მისივე პარტიის მიერ ინიცირებული კანონისთვის.

ახალმა მოძრაობამ უკვე მიიღო ოფიციალური დეკლარაციაც, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მოძრაობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. 

რა წერია დეკლარაციაში:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერთიანდებით როგორც ზეპარტიული გაერთიანება და რომელთათვისაც საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობებს, ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას.

ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, სეპარატიზმის წახალისება და ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.

ანტიანექსიური პლატფორმა არის საქართველოს მოქალაქეთა ზეპარტიული და ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების განმტკიცება.

პლატფორმის მიზნები

  1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე.
  2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისა, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პრინციპის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა.
  3. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვა.
  4. ოკუპირებულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესის ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება.
  5. აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი კვლევებისა და ანალიზის განხორციელება.
  6. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ.
  7. მიმდინარე ფაქტობრივი ანექსიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა.
  8. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე.
  9. მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა.

პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება რუსეთის მიერ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის ნაბიჯებზე;

საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევების განხორციელება;

საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

კონფერენციების, დისკუსიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების აქტუალიზაცია;

რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხის მხარდაჭერა;

ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

დასკვნითი დებულება

ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის ბრძოლა სამართლიანობის, ადამიანის ღირსების, ისტორიული სიმართლისა და მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა ეფუძნება მშვიდობიანი თანაცხოვრების, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ანექსია ვერასოდეს გახდება კანონიერი რეალობა, ხოლო ძალადობით შეცვლილი საზღვრები ვერ მოიპოვებს მორალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

„არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!" - წერია პლატფორმის დეკლარაციაში.

აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ახალი მოძრაობის წევრები მოამზადებენ წინადადებებს, როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე სახელისუფლებო რგოლისა და საზოგადოებისთვის. 

ჩვენ ყველანი ამას მივუდგებით სისტემურად. შევაფასებთ აბსოლუტურად სტანდარტების მიხედვით, ჩავატარებთ კვლევებს, მივიღებთ გადაწყვეტილებებს და მოვამზადებთ წინადადებებს, როგორც დასავლეთისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, ისე სახელისუფლებო რგოლის, ისე საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს სწორი კოგნიტიური რეაქცია იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიდის დღეს," - განაცხადა აკია ბარბაქაძემ. 

ნოდარ ხარშილაძის თქმით, ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" დღეს არის ხელისუფლებაში და აგრძელებს პოლიტიკას, რომელიც გამოსასწორებელია. 

ორ სამწუხარო, პრაგმატული ფაქტი არსებობს - პირველი ის, რომ "ქართული ოცნება" დღეს არის ხელისუფლებაშია და აგრძელებს ამ პოლიტიკას, ეს ფაქტია და მეორე, რომ ეს პოლიტიკა არის გამოსასწორებელი, ესეც ფაქტია. ასეთი ქმედებები ჩვენ გავალთ ძალიან ცუდ შედეგებზე, თვითიზოლაციაში მოვხვდებით და რუსეთს მერე თუ არაფერი არ უღირს ამ მიწების წაღება, რატომაც არ წაიღოს და გამოაცხადებს გაფართოებას. შესაბამისად ეს არის შესაცვლელი. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვესაუბროთ ამ ხალხს, როგორ შეიცვალოს," - ამბობს ნოდარ ხარშილაძე. 

მსგავსი სიახლეები