მდინარაძე ამბობს, რომ ივანიშვილი და კობახიძე პოლიტიკიდან წასვლაზე არ თანხმდებოდნენ - "მაგრამ მე დავარწმუნე"
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მის პოლიტიკიდან წასვლაზე არ თანხმდებოდნენ, თუმცა მან მოანც მოახერხა და დაარწმუნა.
როგორც აწ უკვე "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, წუხელ მისის გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა ჯერე ირაკლი კობახიძე, დღეს დილით კი ბიძინა ივანიშვილს.
ჯერ წუხელ პრემიერს დიდი ხნის განმავლობაში ვუსაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო... ბევრი საკითხი... ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე, საერთოდ, ხანდახან არის რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა, რაც არის. შეიძლება, ამასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.
ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ამაზე ბევრი კითხვა დაისმევა და ამიტომ ვუსვამ ხაზს, ასევე შემიძლია გითხრათ, იმის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის ორი ლიდერის, ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში. მე მადლიერი ვარ ამის და მე ვფიქრობ, რომ სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, პირადად ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს. ასე ვიფიქრე. სიმართლე გითხრათ, გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს", - განაცხადა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.