ლევან ახობაძის საქმე - პროკურორი ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიაში გრიგოლ ლილუაშვილი არ არის

27.08.26 15:59
ლევან ახობაძის საქმე - პროკურორი ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიაში გრიგოლ ლილუაშვილი არ არის

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის და გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის პროცესი დასრულდა.

საქმის პროკურორი, ანა ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიაში გრიგოლ ლილუაშვილი არ არის. 

მისი თქმით, ბრალდების მხარეს გამოკითხული ჰყავს უშუალოდ ის პირები, რომელთა მიერაც იქნა გადაცემული აღნიშნული ფულადი თანხა და რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. 

ამასთან ანა ლეკიაშვილის თქმით, გარკვეულ პირთა შესახებ ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება.

არა, მოწმეთა დასაკითხ სიაში აღნიშნული პირი მითითებული არ არის. ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეეხება უშუალოდ ყველა იმ ეტაპზე, როგორ ხორციელდებოდა ქრთამის მოთხოვნა, გადაცემა, მათ შორის გამოკითხულები არიან უშუალოდ ის პირები, რომელთა მიერაც იქნა გადაცემული აღნიშნული ფულადი თანხა, ასევე ის პირები, რომლეიც ჩართული იყვნენ ამ პროცესის დროს. 

მოგახსენებთ, რომ პირთა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ საქმიდან გამოიყო ცალკე წარმოებად გამოძიება და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება. სხვა ნებისმიერი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დადასტურების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება," - ამბობს ანა ლეკიაშვილი. 

ლევან ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ არცერთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელსაც პროკურატურა აყალიბებს საერთოდ ადგილი არ ჰქონია. 

არანაირად არ ადასტურებს [რომ გრიგოლ ლილუაშვილმა გაუნახევრა ბიზნესმენს თანხა], პირიქით, ლევან ახობაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არცერთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელსაც პროკურატურა აყალიბებს საერთოდ ადგილი არ ჰქონია. არა რა თქმა უნდა [ქრთამი არ აუღია]. თუ ფაქტს არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად ლილუაშვილის ჩართულობაც გამოირიცხება. ბიზნესმენის და ვინც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთი ჩვენება არ არის საკმარისი მტკიცებულება," - განაცხადა დავით სიმონიამ. 

ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.