მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია

28.08.26 12:13
მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია

თბილისის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ოთხი თვით გადაიდო. ახალი შეთანხმებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამუშაოების შემსრულებელ „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის შეთანხმების საფუძველზე, პროექტი 2026 წლის 30 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მხარეებმა კონტრაქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გარკვეული პირობებიც დააკორექტირეს. ირკვევა, რომ, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზისა და დახრილი გვირაბის ჭერის მოსაპირკეთებლად თავდაპირველად გათვალისწინებული აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტების გამოყენება გადაწყდა.

ასევე შეიცვალა იატაკის მოპირკეთების გადაწყვეტა კერამოგრანიტის დაგების ნაცვლად არსებული ბუნებრივი გრანიტი შენარჩუნდება, რომელსაც მოხვეწენ და გააპრიალებენ. სალიანდაგო კედელზე კი კერამოგრანიტის ნაცვლად გრანიტის ფილები განთავსდება.

ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 13 240 611 ლარამდე განისაზღვრა. ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორისთვის უკვე გადახდილი აქვს 9 380 792 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების დაახლოებით 71%-ია.

  • მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. პროექტის თავდაპირველი ვადა 18 თვე იყო და სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეაბილიტაციის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები