სტიქია იმერეთში - დატბორილია სახლები და ეზოები, დაზიანებულია გზები
უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც. გავრცელებულ კადრებში ჩანს გზის მონაკვეთები, სადაც სავალი ნაწილი ჩამოშლილი და ჩანგრეულია.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ნერგეეთში, სადაც უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეუწყდა. შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ ტერიტორიებზე მუშაობას განაგრძობენ.