2008 წლის ომის ვეტერანს გამოსახლება ემუქრება - მაია კაკიაშვილი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს
2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა - ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიურო სექტემბრის ბოლომდე სახლის დატოვებას სთხოვს. კაკიაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ორსულობის მიუხედავად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს.
ფინანსური პრობლემები ოჯახს წლების წინ დაეწყო. 2014 წელს, დედის მძიმე ავადმყოფობის გამო, მაია კაკიაშვილს თანხის სესხება კერძო მევახშისგან მოუწია. დღეს არსებული დავალიანების დაფარვას ოჯახი ვეღარ ახერხებს და საცხოვრებლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
თუმცა მაია კაკიაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც გამოსახლება ემუქრება. ანალოგიური პრობლემის წინაშეა ელგუჯა ბალახაძის შვიდსულიანი ოჯახიც. მისი ძმა შშმ პირია, დედას კი გადაადგილება არ შეუძლია. ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და ითხოვს, გადაიხედოს არსებული რეგულაციები და მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაიდოს გამოსახლება, რომლითაც, მათი ინფორმაციით, „კრედო ბანკი“ ემუქრებათ.
მაია კაკიაშვილის ოჯახს საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხე რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მაშინ მოქალაქეების მხარდაჭერისა და პროტესტის შემდეგ გამოსახლება აღარ განხორციელდა. ახლა ოჯახი კვლავ იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან სათანადო დახმარებას ვერ იღებენ. მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა ერთვება. „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ საქველმოქმედო კამპანიასაც ატარებს და გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების დასახმარებლად თანხას აგროვებს.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.