"კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი... ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი" - გია ხუხაშვილი

28.08.26 21:33
"კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი... ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი" - გია ხუხაშვილი

"კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი" - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "დღის ამბებში" განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე კანონით განსაზღვრული ძალაუფლებით პრემიერ-მინისტრი არც არასდროს ყოფილა, დღეს კი "აბსოლუტურ იზოლაციაშია" - "ბოლო მოჰიკანი, ვინც მის კაბინეტში იჯდა და მასთან ერთად ჭორაობდა ყავაზე იყო მდინარაძე, ახლა ესეც მოაშორეს". 

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, მინისტრთა კაბინეტში ირაკლი კობახიძეს ფაქტობრივად აღარავინ ექვემდებარება. 

"ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი" - განაცხადა მან. 

არ არის სიახლე, რომ საქართველოში არანაირი ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს, თანამდებობა მის რეალურ ძალაუფლებასთან შეუთავსებელია. ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ცივილიზებული ალგორითმით კი არ არის სტრუქტურირებული, რასაც ჰქვია ინსტიტუციური მმართველობა, რომ პრემიერ-მინისტრი არის რეალური პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით და პასუხისმგებლობით და ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, არამედ არის არაფორმალური მმართველობა და შესაბამისად დელეგირება ხდება არაფორმალურად ამა თუ იმ პირებზე რაღაც უფლებამოსილების. 

კობახიძე, კანონით განსაზღვრული ძალაუფლებით, პრემიერ-მინისტრი არც არასდროს ყოფილა, თუმცა მას საბელი ჰქონდა გარკვეული პერიოდით დაგრძელებული, ანუ რაღაც დანიშვნების უფლება ჰქონდა, წოდებების მინიჭების უფლება ჰქონდა, მდინარაძის ექსპრეს კარიერა მისი ხელიდან ხდებოდა. თუ დავაკვირდებით, მინისტრთა კაბინეტში დღეს, მას [კობახიძეს] ფაქტობრივად არავინ აღარ ექვემდებარება. იმისთვის, რომ ვიღაც გექვემდებარებოდეს, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი დანიშნული ხარ, ანუ მასთან ხარ ანგარიშვალდებული. ვინ არის მთავრობაში ისეთი, ვისაც აქვს განცდა, რომ კობახიძის დანიშნულია. 

მარტო სახლში ფილმი როა, იმის მიხედვით, კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი, რომელსაც ზოგჯერ ასანთს რომ ჩაუგდებ ხელში, მაშინვე რაღაცას გადაწვავს. დღეს უკვე ის აბსოლუტურ იზოლაციაშია, ბოლო მოჰიკანი, ვინც მის კაბინეტში იჯდა და მასთან ერთად ჭორაობდა ყავაზე იყო მდინარაძე, ახლა ესეც მოაშორეს. ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია. ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

პოლიტიკის ექსპერტი აღნიშნავს, რომ მდინარაძის შემდეგ ირაკლი კობახიძეც "განწირულია". 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი. 

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.

მსგავსი სიახლეები