კილომეტრიანი რიგები ლარსზე - რუსეთ-საქართველოს საზღვართან ისევ ასობით მანქანა დგას (ახალი კადრები და ოპოზიციის შეფასებები)
კილომეტრიანი რიგები ლარსზე - რუსეთ-საქართველოს საზღვართან ისევ ასობით მანქანა დგას. სოციალურ ქსელებში უახლესი კადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
მძღოლები საათობით ელოდებიან საკუთარ რიგს იმისთვის, რომ საზღვარი გადმოკვეთონ, ეს კი იმას ნიშნავს რომ საქართველოში იმაზე მეტი რუსი ჩამოდის ვიდრე აქამდე იყო.
ოპოზიცია ამბობს, რომ რუსების მასობრივი შემოსვლა საქართველოში, მხოლოდ მობილიზაციის გამოქცევას არ უკავშირდება და რომ შესაძლოა ის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს.
ასეთი მასობრივი შემოდინება შესაძლოა, რუსეთის პრესსასმასახურებმა გამოიყენონ გარკვეულ საფარად იმისთვის, რომ მოახდინონ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად თავისი სპეცსამსახურების თანამშრომლების, მზვერვავების, ჰაკერების ინფილტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე. შესაძლოა მოიმატოს გარკვეულმა პროვოკაციებმა იმ მიზნით, რომ ეს გამოყენებულ იქნას შემდგომში იმ პროპაგანდის გასამყარებლად, რომ საქართველოში რუსოფობია არის", - ამბობს "ჯერ საქართველოს" წევრი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ის რომ ოკუპანტის სახელმწიოფდან კონტროლის გარეშე შემოდიან საქართველოში, ამაზე საუბრობს ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავაც. მისი თქმით, ემიგრანტებით სავსე ქვეყანა რუსებით ივსება.
"ივანიშვილმა ემიგრაციას საერთოდ ხმის უფლება წაართვა. ალბათ, ამ ხმის მიცემას ამ რუსი ოკუპანტებისთვის აპირებენ" - ამბობს ლაშა ფარულავა.
ოკუპანტები ყოველგვარი უსაფრთხოების ფილტრის გარეშე შემოდიან საქართველოში დასასახლებლად და არა ტურისტებად და ამ პროცესს ხელს უწყობს "ქართული ოცნება", რომელიც ამბობს, რომ თუ რუსს მტერს და ოკუპანტს დავუძახებთ, ეს რუსოფობიაა და ფაქტობრიად, ხელს უწყობს საქართველოს გარუსებას მაშინ, როდესაც საქართველოს ქართველები ტოვებენ და ივანიშვილმა ჩვენს ემიგრაციას საერთოდ ხმის უფლება წაართვა. ალბათ, ამ ხმის მიცემას ამ რუსი ოკუპანტებისთვის აპირებენ. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის", - აცხადებს ლაშა ფარულავა.
რუსების მასობრივ შემოდინებაზე კომენტარი გაკეთდა "ლელო- ძლიერ საქართველოშიც".
ნორმალური ხელისუფლების პირობებში უნდა მომხდარიყო რა - უნდა მომხდარიყო ჯამური კონტროლი, თუ ვინ შემოდის. რასაც ჩვენ ვუყურებთ საქართველოში არის სრულიად კაპიტულანტური მენტალობის მატარებელი რეჟიმი, რომელიც არაფერს არ აკეთებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად". - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი აცხადებს, რომ რუსების ასეთი დოზით შემოდინება ვერ გაუხარდება იმ ქვეყანას, რომლის 20% სწორედ რუსებისგან არის ოკუპირებული.
ლოგიკურია, რომ ასიათასობით ოკუპანტის ყოველთვე თუ უკვე ყოველ კვირა შემოსვლა არ უხაროდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რაც არ უნდა იმართლოს კობახიძემ თავი რუსოფობიით, ვერ გამოუვა", - ამბობს თენგო თევზაძე.
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.
Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ნაკადის ზრდა შესაძლო მობილიზაციის შიშებს უკავშირდება.
- ლარსის გამშვები პუნქტი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიტვირთა. პირველად მაშინ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მეორედ კი - ვლადიმირ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების დროს.