უხვმა ნალექმა ბაღდათში ტერიტორიების მეწყრული პროცესები გააქტიურა და დატბორვა გამოიწვია
27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტის ცნობით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებით და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე შექმნილი ვითარება მყისიერად შეაფასეს.
სააგენტოს სპეციალისტებმა ყველა საფრთხის შემცველი უბანი შეისწავლეს, ასევე, განსაზღვრეს მოსალოდნელი რისკები და ადგილზე გასცეს რეკომენდაციები აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად.