საქართველო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებისთვის EU-ს სანქციების დაწესებას არ შეუერთდა
საქართველო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებისთვის EU-ს სანქციების დაწესებას არ შეუერთდა.
EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ 7 აგვისტოს მიღებულ სასანქციო გადაწყვეტილებას შეუერთდა ევროკავშირის 9 არაწევრი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა.საქართველო კი ამ სიაში არ არის.
EU-ს განცხადებით, ჩამოთვლილი ქვეყნები ახალ სანქციურ გადაწყვეტილებას საკუთარ ეროვნულ პოლიტიკაშიც ასახავენ.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს ევროკავშირის საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დაუწესა ხუთ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებელნი.
საბჭოს ცნობით, სანქცირებული პირები რუსეთის თავდაცვისა და სამხედრო ტექნოლოგიების სექტორებში მოქმედ კომპანიებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეს კომპანიები ავითარებენ, აწარმოებენ ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აწვდიან სამხედრო ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.
- აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო არ შეუერთდა ირანის წინააღმდეგ EU-ს მიერ ივლისში მიღებულ სამ სანქციურ გადაწყვეტილებასაც.