დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე - საზოგადოება მკვლელობის ვერსიასა და შესაძლო რუსულ კვალზე საუბრობს
უბედური შემთხვევა თუ შესაძლო განზრახ მკვლელობა? აფხაზი ბლოგერის საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შემდეგ ახალი კითხვები ჩნდება. საზოგადოება არ გამორიცხავს, რომ მკვლელობაში რუსეთის ხელი ერიოს.
ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ მხოლოდ ბუავას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა მისი გარდაცვალების გარემოებებს ვერ ხსნის. ჟურნალისტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბუავა რუსული გავლენების წინააღმდეგ აქტიურად საუბრობდა, საქმე განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა გამოიძიონ და მკვლელობის ვერსიაც გამოირიცხოს.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ადამიანის გარდაცვალებაზე, რომელიც არათუ მაღალი ალბათობით, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო რუსული გავლენების და ინტერეების მქონე ადამიანების სამიზნე. აი, ასეთი ადამიანის გარდაცვალება უნდა გამოძიებული იქნას იმდენად მაღალი სტანდარტით, რომ პატარა კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს თუნდაც ცხოვრებისეულ დეტალებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკი... ადმაიანის სისხლში ნებისმიერი ნივთიერება შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ მას, უბრალოდ, ჩაუყარონ ეს. ეს არაფერს ამტკიცებს, არაფერს ცვლის. ადმაიანის სისხლში ნარკოტიკის აღმოჩენა და ამის გარდაცვალება შეიძლება იყოს ასევე მკვლელობაც. არ ვიცი რა სანდოობა აქვს ჩვენს სამართალდამცველ უწყებებს, საზოგადოებამ შეაფასოს. ჩემთვის არის 50%-ზე მაღალი ალბათობით, რომ ეს ადამიანი არის მოკლული, - ამბობს თორნიკე რაზმაძე.
კიდევ უფრო კატეგორიულია ელისო ჯანაშია. ჟურნალისტი ბუავას გარდაცვალებას მკვლელობად აფასებს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მასთან მყოფმა ქალმა მძიმე მდგომარეობაში დარჩენილი ბუავა მარტო დატოვა და ბინის კარი გარედან ჩაკეტა. ჯანაშია მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს.
მოკლეს, დავრწმუნდი ჩემს აზრში. რუს ქალს რომ მიაგზავნიან ნარკოტიკით და მერე ეს რუსი ქალი ნარკოტიკს რომ მიაღებინებს და თვითონ წავა, კარს გარედან დაკეტავს, რა თქმა უნდა, რუსული მკვლელობაა, სპეცსამსახურეობრივი მკლვლელობაა, - ამბობს ელისო ჯანაშია.
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.
შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.