საია-მ საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსის შეფასების შესახებ ახალი პუბლიკაცია გამოაქვეყნა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, თუმცა უზრუნველყოფილი არაა პროცესის იმგვარი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, რომელსაც ევროპის საბჭოს სტანდარტები მოითხოვს.
საია აქვეყნებს ახალი პუბლიკაციას: "ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსი საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე".
საია-ს განცხადებით, დოკუმენტის მიზანია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მოქმედი პროცედურის შეფასება ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებსა და საქართველოში არსებულ უფლებრივ და ინსტიტუციურ კონტექსტთან მიმართებით.
საია აღნიშნავს, რომ მოქმედი კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს შემდეგი მიმართულებებით:
- კომისიის რეალური დამოუკიდებლობა;
- 2016–2017 წლების კონკურსებისგან განსხვავებით, მიმდინარე კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ შედიან;
- შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა;
- გამჭვირვალობის შემცირება;
- პროცედურა ასევე არ შეიცავს შედეგების გასაჩივრების მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებასა და შეფასების ინდივიდუალური დასაბუთების ვალდებულებას.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ პრობლემების გადაჭრა ფართო სისტემური რეფორმებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია.
საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, თუმცა უზრუნველყოფილი არაა პროცესის იმგვარი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, რომელსაც ევროპის საბჭოს სტანდარტები მოითხოვს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კონკურსი ტარდება დემოკრატიული უკუსვლის, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური კონტროლისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფონზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ახალი პუბლიკაცია: „ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსი საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე“. დოკუმენტის მიზანია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მოქმედი პროცედურის შეფასება ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებსა და საქართველოში არსებულ უფლებრივ და ინსტიტუციურ კონტექსტთან მიმართებით. დოკუმენტში მიმოხილულია მოსამართლის არჩევის ზოგადი წესი, ეროვნულ დონეზე კანდიდატების შერჩევის ძირითადი მოთხოვნები, საქართველოში მოქმედი რეგულაციები და ის გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს კონკურსის გამჭვირვალობას, დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოს სახელით ცხრა წლის ვადით აირჩევა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს, თუმცა მანამდე საქართველომ უნდა წარადგინოს სამი კანდიდატისგან შემდგარი სია. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ღია, კონკურენტული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია კანდიდატების შერჩევა ეროვნულ დონეზე. სწორედ ამ პროცესმა უნდა შექმნას საფუძველი იმისთვის, რომ სტრასბურგში მართლაც მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლის არჩევა იყოს შესაძლებელი.
იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით განისაზღვრა კანდიდატების შერჩევის წესი და შეიქმნა შესარჩევი კომისია. თავდაპირველად, საქართველო კანდიდატთა სიის ევროპის საბჭოსთვის წარდგენას 2026 წლის 4 თებერვლამდე გეგმავდა, თუმცა ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოო ვადად 2026 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული, ხოლო განაცხადების მიღება 1 სექტემბერს სრულდება.
კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პროკურატურის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პროცედურის თანახმად, განაცხადებს თავდაპირველად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გადაარჩევს. შემდეგ კომისია შერჩეულ აპლიკანტებს ინდივიდუალურად გაესაუბრება და ქულებით შეაფასებს. საბოლოო სამკაციანი სია საშუალო ქულების საფუძველზე ფორმირდება. სიაში განსხვავებული სქესის, სულ მცირე, ერთ კანდიდატი უნდა შედიოდეს.
ევროპის საბჭოს წესებით, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მორალური თვისებებით, აკმაყოფილებდნენ მაღალი სასამართლო თანამდებობისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებს ან იყვნენ აღიარებული იურისტები, ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას სრულყოფილად და ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა ეროვნული, საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროებში. კანდიდატთა სია, როგორც წესი, გენდერულადაც დაბალანსებული უნდა იყოს.
ამასთან, საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ კანდიდატების ინდივიდუალურ კვალიფიკაციას არ შეეხება. ისინი მოითხოვს, რომ შერჩევის ეროვნული პროცესი იყოს:
• წინასწარ გაწერილი, საჯარო და განჭვრეტადი;
• ფართოდ გამოცხადებული და რეალურად ხელმისაწვდომი;
• წარმართული დაბალანსებული, კომპეტენტური და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი ორგანოს მიერ;
• დაფუძნებული კანდიდატებთან სამართლიან და სტანდარტიზებულ გასაუბრებებზე;
• გამჭვირვალე შეფასების კრიტერიუმებითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებებით.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს შეუძლია სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სია საერთოდ არ დაუშვას კენჭისყრაზე, თუ დაასკვნის, რომ კანდიდატები სათანადო კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებენ ან მათი შერჩევის ეროვნული პროცესი საკმარისად სამართლიანი და გამჭვირვალე არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი სიის წარდგენა და პროცედურის განმეორებით გავლა მოუწევს.
მოქმედი კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს.
პირველი პრობლემა კომისიის რეალური დამოუკიდებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ფორმალურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენლები არიან, საიას დოკუმენტის შეფასებით, დემოკრატიული კონტროლის შესუსტებისა და ინსტიტუტებზე პოლიტიკური გავლენის პირობებში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ერთ სივრცეში თავმოყრა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პლურალიზმსა და დამოუკიდებლობას. 2016–2017 წლების კონკურსში, კომისიის შემადგენლობა ფორმალურად უფრო მრავალფეროვანი იყო, თუმცა მასში გადამწყვეტი როლი მაინც სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდათ. 2016-2017 წლის კონკურსთან დაკავშირებითაც სამოქალაქო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფესიული წრეების წარმომადგენლები მიუთითებდნენ სახელმწიფო უწყებებს შორის შესაძლო არაფორმალურ შეთანხმებებზე, კანდიდატების დაუსაბუთებელ შეფასებებზე და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მონაწილეების საბოლოო სიიდან გამორიცხვის რისკზე.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ 2016–2017 წლების კონკურსებისგან განსხვავებით, მიმდინარე კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ შედიან. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წინა კონკურსშიც ნომინალური იყო, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიციამ 2017 წლის ივლისში ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მესამე პრობლემა შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობაა. მოქმედი წესი ითვალისწინებს კანდიდატების ქულებით შეფასებას, თუმცა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ კომისიის წევრებმა პროფესიული გამოცდილება, ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნა, ენების ფლობა, დამოუკიდებლობა, ეთიკა ან სხვა მნიშვნელოვანი კომპეტენციები. არც შეფასების დასაბუთების ვალდებულებაა გაწერილი. შედეგად, ქულების განაწილება რთულად შესამოწმებელი და არაგანჭვრეტადი ხდება.
მეოთხე გამოწვევა გამჭვირვალობის შემცირებაა. ახალი წესი აღარ ითვალისწინებს მონაწილეთა ვინაობის, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების, მიღებული ქულებისა და კომისიის სხდომების ოქმების სავალდებულო გასაჯაროებას. ასევე, წესში არ არის გაწერილი სხდომების ღიაობა ან მედიის დასწრების შესაძლებლობა.
პროცედურა ასევე არ შეიცავს შედეგების გასაჩივრების მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებასა და შეფასების ინდივიდუალური დასაბუთების ვალდებულებას. ეს კი განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი ქულებზეა დამოკიდებული, მაგრამ ქულების მინიჭების ლოგიკა საჯაროდ შემოწმებადი არ არის.
კონკურსის შეფასება ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, არის თუ არა ფორმალურად გამოქვეყნებული ვაკანსია ან ტარდება თუ არა გასაუბრება. საიას კვლევა მიუთითებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაღრმავდა: გაიზარდა საჯარო სექტორზე პარტიული კონტროლი, გაძლიერდა სასამართლოსა და სხვა ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტების პოლიტიზების ნიშნები, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება, მედია, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება სისტემური ზეწოლის პირობებში აღმოჩნდა.
ამ გარემოში დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმების შესუსტება პირდაპირ აისახება იმაზე, რამდენად შეუძლია კანდიდატთა შესარჩევ კომისიას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმალური ავტონომია არ უნდა შეფასდეს მათი რეალური დამოუკიდებლობის მტკიცებულებად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება. შესაბამისად, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატთა სიის განხილვისას ასამბლეამ და ექსპერტთა პანელმა უნდა შეაფასონ არა მხოლოდ ის, შესრულდა თუ არა პროცედურის ცალკეული ტექნიკური მოთხოვნები, არამედ ისიც, იძლეოდა თუ არა მთლიანობაში ეს პროცესი თავისუფალი კონკურენციის, ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებელი არჩევანის რეალურ შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ცხრა წლის განმავლობაში მონაწილეობს ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი სასამართლოს საქმიანობაში და მის გადაწყვეტილებებს მილიონობით ადამიანის უფლებაზე აქვს გავლენა. ამიტომ კანდიდატების შერჩევა ვერ უნდა გადაიქცეს დახურულ ადმინისტრაციულ პროცესად ან პოლიტიკური ლოიალობის შემოწმების ინსტრუმენტად.
ამ პრობლემების გადაჭრა უფრო ფართო სისტემური რეფორმებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია. პროცესის რეალური სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ვიწრო პროცედურული წესების დაცვა საკმარისი არ არის და საჭიროა, რომ სახელმწიფომ: შეწყვიტოს მმართველი პარტიისათვის არასასურველი აზრის ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი და სხვა მექანიზმებით დევნის პრაქტიკა; გააუქმოს რეპრესიული კანონები; შეწყვიტოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა და გაითვალისწინოს, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში ასახული რეკომენდაციები; უზრუნველყოს კანდიდატთა შერჩევის წესის რეფორმა საზოგადოების ფართო ჩართულობით; მათ შორის, უზრუნველყოს შერჩევის კომისიაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების/პროფესიონალების ფართო წარმომადგენლობა და განსაზღვროს აპლიკანტთა შეფასების მკაფიო კრიტერიუმები," - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში