პენიტენციური სახალხო დამცველის ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

02.09.26 13:56
პენიტენციური სახალხო დამცველის ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექს-პრემიერთან არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.

  • ლევან იოსელიანმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ "პირველებთან" განაცხადა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანთან და ციხის ადმინისტრაციასთან საუბარი გაუქმებული პაემნის შესახებ ჰქონდა. მისივე თქმით, ადმინისტრაციამ წამახალისებელი პაემნების გაუქმება ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ახსნა და უარი არ დაუფიქსირებია, რომ მომავალში ყოფილ პრემიერს ამის საშუალებას არ მისცემს. 

პენიტენციური ამბობს, რომ მსჯავრდებულ ღარიბაშვილს  წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება აქვს და ეს ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა. 
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი  ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული. 
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები