გამოკითხვა დასრულდა: რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას გია ხუხაშვილმა
გია ხუხაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა - როგორც პოლიტიკის ექსპერტმა სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, გამომძიებლებთან მან ყურადღება არა ლაზარე ჯორბენაძეზე, არამედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში დასახელებულ თვითმკვლელობებზე გაამახვილა.
ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო და შესაბამისად ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი - "შესაბამისად, დღეს აქ, ამ საქმესთან ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ გამოკითხვაზე, აქ უნდა იდგეს ახლა კობახიძე და მდინარაძე".
საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე ახლა რაც საჯარო სივრცეში ვთქვი, იგივე ვუპასუხე. ვუთხარი, რომ არ ვიცნობ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ მაქვს წარმოდგენა და მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე და თვითმკვლელობების ბუნდოვანებებზე. ზოგიერთი თვითმკვლელობების ან თვითმკვლელობამდე მიყვანის. ღარიბაშვილი ხომ არ არის ვიღაცა, როგორი პრემიერი იყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მას ჰქონდა წვდომა სიღრმისეულ ინფორმაციასთან, შესაბამისად, დღეს აქ, ამ საქმესთან ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ გამოკითხვაზე, აქ უნდა იდგეს ახლა კობახიძე და მდინარაძე", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.