"აქვს დაზიანებები" - თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" პროპაგანდისტმა მას ხელი დაარტყა

09.09.26 17:00
"აქვს დაზიანებები" - თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" პროპაგანდისტმა მას ხელი დაარტყა

პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მას "ოცნების" პროპაგანდისტი, შაკო კუჭაშვილი 30 აგვისტოს, რესტორან "სხვა"-ში ფიზიკურად გაუსწორდა. ახალი სკანდალური ინფორმაცია ციხიდან დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატმა გამოიტანა. 

როგორც ლალი აფციაური "პირველებს" ეუბნება, ელიზბარაშვილს სხეულზე სილურჯეები დღემდე ეტყობა. 

უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ბიზნესმენის დაზიანებები საპატიმროში შესახლების დროს ციხის ექიმმაც აღწერა. 

თამაზ ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ კუჭაშვილმა მას ხელი დაარტყა. იგი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინა ამ ინფორმაციის გაჟღერებისგან, ვინაიდან არ ჰქონდა სურვილი, რომ 25 წლის ბიჭი მოხვედრილიყო პატიმრობაში ან მინიმუმ გაუგებრობაში. თამაზის აქვს სხეულზე დაზიანება, სილურჯეები, ეს დაფიქსირებულია ციხის ექიმის მიერ, როდესაც საპატიმროში შესახელს. თამაზი ამბობს, რომ ეს ეს დაზიანება არის (შაკო კუჭაშვილის მიყენებული). იგი გამოთქვამს სურვილს, რომ მივმართოთ გამოძიებას. კუჭაშვილის მოქმედებები, გაწევ-გამოწევებები, ის ხელების და ფეხების ქნევ, რა დროსაც მას მეგობრები აკავებდნენ, დამეთანხმებით, რომ კარგი სურვილები მას არ ამოძრავებდა", - ამბობს ლალი აფციაური. 

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო. 

  • სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი.  3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა,  რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა  მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა  - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.  

  • "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.

მსგავსი სიახლეები