ბენზინი ისევ გაძვირდა - ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში სექტემბერში კიდევ უფრო დრამატულ სურათს ელიან
ბენზინი ისევ გაძვირდა - აგვისტოს დასაწყისიდან საწვავის ფასი 10-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. კერძოდ, დიზელი ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე 41, ზოგ შემთხვევაში კი 55 თეთრით არის გაძვირებული.
ამ დროისთვის, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ხშირ შემთხვევაში 4.50 ლარს აჭარბებს.
ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ სურათი დრამატულად სექტემბერში შეიცვლება, რადგან ამ პერიოდში საწვავის მოხმარების ტემპი იზრდება.
ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოში მას შემდეგ, რაც მარაგები გაიხარჯება, ახალი მარაგების შეძენა განსხვავებული ფასით მოხდება.
მოლოდინი ნამდვილად არის იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნამდვილად გაძვირდა იმიტომ, რომ არ არის მშვიდობა მსოფლიოში, ყველანაირ ფასთა სხვაობებს იწვევს არასტაბილური სიტუაციები მთელ მსოფლიოში და ეკონომიკაში. შემოდგომაზე მოიმატა ტრანზიტმა, მოიმატა ტურისტმა და ამას თავისი გავლენები აქვს, დაბრუნდა დასასვენებლად გასული ხალხი და ბუნებრივია, ამან თავისი ციფრები შექმნა, მოხმარება იმატებს.
ეს მარაგები გაიხარჯება, რა თქმა უნდა და უნდა გაიხარჯოს კიდეც და ახალი მარაგები რომ უნდა შეიძინოს, იქ უკვე დაგვხვდება სხვა ფასები," - ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ თუ პროცესები გაგრძელდა საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად აისახება სურსათის ფასებზე.
აგვისტოს თვეში ბენზინის ფასი საშუალოდ არის 25 თეთრამდე მომატებულ.ი, მხოლოდ ერთ თვეში, დიზელის შემთხვევაში კი 55 თეთრამდეა ზრდა. დიზელი ეს არის ინდუსტრიული პროდუქტი, რომელიც დისტრიბუციიდან დაწყებული, გაგრძელებული სოფლის მეურნეობაში, აქტიურად გამოიყენება. რა თქმა უნდა, თუ პროცესები გაგრძელდა საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად აისახება სურსათის ფასებზე.
საწვავის მიმართულებითაც შემარბილებელი ღონისძიებები და შემარბილებელი ბერკეტები მთავრობას გააჩნია, მაგრამ ამას არ იყენებს პრინციპულად, აქედან გამომდინარე კი, ნამდვილად ასე არის ავტომობილი გადაადგილება უნდა იყოს პრივილეგირებული ფენის პრიორიტეტი და მათთვის უნდა იყოს ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე ამას პირდაპირაც გვეუბნებიან და ირიბადაც," - თქვა პაატა ბაირახტარმა.
ეკონომისტი, რამაზ გერლიანი აღნიშნავს, რომ როგორც კი საწვავი ძვირდება, ძვირდება ცხოვრებაც. მისი თქმით, მთავრობას ნამდვილად შეუძლია დროებითი ინსტრუმენტის სახით აქციზით მანიპულირება მოახდინოს.
როგორც კი საწვავი ძვირდება, ძვირდება ცხოვრებაც. პირობითად, თუ ოჯახს აქვს 1000 ლარი და ის ხარჯავდა საწვავზე 300 ლარს, გაძვირების შედეგად ის უკვე ხარჯავს 400 ლარს, თუ 400 ლარს ხარჯავს ე.ი. სხვა დანარჩენისთვის რჩება უფრო ნაკლები. ლოგიკურია, რომ ამ ფონზე სხვა დანარჩენზე მოთხოვნა მცირდება, რაც ეკონომიკურ წნეხს ზრდის.
ჩვენ ქვეყანას დროებითი ინსტრუმენტის სახით ნამდვილად შეუძლია, რომ გარკვეულწილად მოახდინოს აქციზით მანიპულირება, თუნდაც საწვავის ფასებთან მიმართებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობა ვერ ამბობს უარს ბიუროკრატიული აპარატის ხარჯებზე და ამის გამო, ლოგიკური ერთ-ერთი მთავარი მდგენელი შემავსებელი ხაზინისა არის აქციზი და მას არცერთი თეთრით არ აკლებს. მას მოკლევადიანი პერიოდისთვის შეუძლია რომ ეს ბერკეტი გამოიყენოს. ოღონდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი, ის მნიშვნელოვნად ფასების მსოფლიო ტენდენციას ვერ შეცვლის, მაგრამ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ასეთი ტიპის ზეწოლას," - ამბობს რამაზ გერლიანი.