მოზარდებს შორის დაპირისპირება სამწვადეში დაიწყო - არასრულწლოვნის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

11.09.26 14:40
მოზარდებს შორის დაპირისპირება სამწვადეში დაიწყო - არასრულწლოვნის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვი ქუჩაზე - საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურა დაკავებული არასრუწლოვანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების  თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. არ არის გამორიცხული პროცსი დღეს ჩაინიშნოს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყაროს მიერ "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნების ჯგუფი ე.წ. სამწვადეში დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა სადღეგრძელოს თქმის დროს, ფეხზე არ წამოდგომის გამო დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა.

ჩვენთვის მოწოდებული ცნობებით, ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა. 

ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებული, ასევე არასრულწლოვანი ბიჭი ადგილიდან მიიმალა. სისხლისგან დაცლილი დავით ნარიმანიძე კი მომხდარიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას პოლიციამ იპოვა.