ადვოკატი ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხრიდან სავარაუდო რეკეტზე საუბრობს - კიდევ ვისი გვარები ფიგურირებს საქმეში
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ყოფილი გენ-პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დანაშაულებრივ ჯგუფის სავარაუდო რეკეტზე საუბრობს - უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულმა და ძებნილმა დავით მიქაძემ გივი ჯიბლაძეზე თავდასხმა სამშენებლო ობიექტზე მისი კუთვნილი წილის მითვისების მოტივით დააორგანიზა და ამაში გიორგი ფოფხაძე და შაკო ლიპარტელიანი დაიხმარა.
ტარიელ კაკაბაძემ დღეს ჟურნალისტებს ასევე სავარაუდოდ ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლში მომხდარი ანგარისწორების შესახებაც უამბო, სადაც ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე ფიგურირებენ. უფლებადამცველის მტკიცებით, ეს უკანასკნელებმა იარაღის მუქარით თემურ კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას დიდძალი თანხა გამოსძალეს.
დღეს ვისაუბრებ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მეთაურობით. დავით მიქაძემ გიორგი ფოფხაძისა და შაკო ლიპარტელიანის მეშვეობით, სავარაუდოდ, დააორგანიზა თავდასხმა გივი ჯიბლაძეზე სამშენებლო ობიექტზე მისი კუთვნილი წილის მითვისების მოტივით. გიორგი ფოფხაძე, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არის ოთარ ფარცხალაძის ბავშვობის მეგობარი, მათ აკავშირებთ ნათლია-მირონობა. 2024 წლის 24 სექტემბერს, ელისო კილაძის სავარაუდო ორგანიზებით მოხდა კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას მიმართ ძალადობა და გამოძალვა. ელისო კილაძემ კენკებაშვილი და დიხამინჯია მოტყუებით მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას დახვდნენ ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე. იარაღის გამოყენების მუქარით ირაკლი სეხნიაშვილმა თემურ კენკებაშვილს გამოსძალა 20 000 დოლარი და თბს-ბანკის ანგარიშიდან ასევე გადაირიცხა დამატებით 12 ათასი ლარი, მძღოლის დავით მუმფრიანის ანგარიშზე", - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.