ექიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია
ექიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია - ინფორმაციას და ფოტოს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილ რომელსაც ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქეის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.
თანხა თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე წუთში აგროვდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც გამ,ოძიება ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.
მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.
ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ.
როგორც სხდომიდან ხდება ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია.
დაკავებულ მედიკოსს მხარდაჭერას კოლეგები და ადგილობრივი მოსახლეობდა უცხადებს.
რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:
- ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.