ქართველი პროდიუსერების წარმატება - "A Few Moments of Happiness-მა" Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა

13.09.26 14:38
ქართველი პროდიუსერების წარმატება - "A Few Moments of Happiness-მა" Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე Orizzonti-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა ფილმმა A Few Moments of Happiness (რეჟისორი: შადენ საფიედინ ტაზი).

ფილმის ქართველი პროდიუსერები არიან ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, ხოლო მწარმოებელი კომპანიაა მათ მიერ დაფუძნებული 1991 Productions UK. ეს კომპანიის ბრიტანული ფილიალის მიერ წარმოებული პირველი უცხოენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

ფილმის საერთაშორისო წარმატების უკან დგას ქართული პროდიუსერული გუნდი, რომელიც უკვე წლებია ქართულ და საერთაშორისო კინოპროექტებზე მუშაობს (უტა ბერიას- ცრემლსადდნი გაზი, ლევან აკინის - გზაჯვარედინზე, ქეთევან ვაშაგაშვილის - ცხრათვიანი კონტრაქტი, ლუკა ბერაძის - ღიმილიანი საქართველო) 

A Few Moments of Happiness პირად გამოცდილებაზე აგებული ფილმია - რას ნიშნავს, შორს იყო და ეკრანიდან უყურებდე, როგორ ინგრევა შენი ქვეყანა.
როდესაც ლიბანში ომი იწყება, პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა რეჟისორი შადენი საკუთარი ეკრანის ჩაწერას იწყებს: Instagram-ის სთორები, WhatsApp-ის შეტყობინებები, ახალი ამბების ფრაგმენტები, ახლობლებისგან მიღებული ხმოვანი შეტყობინებები და ზოგჯერ - უბრალოდ სიჩუმე. 
ნელ-ნელა ეს ციფრული კვალი ემიგრაციაში მყოფი ადამიანის პირად ვიზუალურ დღიურად იქცევა. უყურებ საკუთარ სახლს შორიდან. ელოდები შეტყობინებებს. სქროლავ. შიშობ. და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებ. 

შადენ საფიედინ ტაზი 1999 წელს დაბადებული მაროკოელ-ლიბანელი სცენარისტი და რეჟისორია. ამჟამად ის თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე, სამუშაო სახელწოდებით Today I Am 25 Years Old, მუშაობს, რომელსაც ასევე 1991 Productions UK-თან ერთად ავითარებს.

შადენ საფიედინ ტაზის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი მოკლემეტრაჟიანი ჯილდოთი დასრულდა. ამ წარმატების ნაწილია 1991 Productions UK

მსგავსი სიახლეები